გამოიღო თუ არა შედეგი 'პოკერსტარსის' ბოიკოტირებამ?

1-3 დეკემბერი, 'პოკერსტარსისთვის', ერთ-ერთი მძიმე პერიოდი იყო - მსოფლიოს უდიდეს პოკერ-რუმში, 2.500-მდე ონლაინ რეგულარმა ერთდროულად შეაჩერა თამაში. იყო თუ არა აქცია შედეგის მომტანი? ზოგი იტყვის, რომ არა, მაგრამ გამოჩნდებიან ისეთებიც, ვინც მოთამაშეთა ასეთ გაერთიანებას დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს. 

ბოიკოტის მთავარი მიზანი 'პოკერსტარსზე' VIP პროგრამასთან დაკავშირებული ცვლილებების შედეგად გამოწვეული რეაქციის ჩვენება იყო. მოკლედ რომ ვთქვათ ცვლილებებზე, რომელიც ძალაში 2016 წლის პირველი იანვრიდან შევა: 'პოკერსტარსის' VIP პროგრამის კორექტირების შედეგად, ონლაინ გრაინდერებსა და მაღალი ლიმიტის რეგულარებს, ის ბენეფიტები და სარგებელი შეუმცირდათ, რასაც აქტიური თამაშიდან და შესაბამისად მიღებული ქულებიდან ღებულობდნენ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი პოკერ-რუმის შემოსავლების გაზრდის მიზნით არ გაკეთებულა - ის დანაკლისი, რასაც ჰაი სტეიკს რეგულარები აპროტესტებენ, დამწყებ და მოყვარულ მოთამაშეებზე დადებითად აისახება. 

მოთამაშეების განსაკუთრებულად დიდი უკმაყოფილება გამოიწვია სუპერნოვა და სუპერნოვა ელიტის სტატუსებთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა, რომელთა მოსაპოვებლად, ისინი, მთელი წლის განმავლობაში გაათმაგებული შემართებით თამაშობდნენ. ამ სტატუსის მქონე მოთამაშეებს, რეიკბექის სახით მიღებული შემოსავალი 10%-27%-მდე შეუმცირდათ. 'პოკერსტარსის' სახე და თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, დენიელ ნეგრანუც კი აკრიტიკებს ასეთ ცვლილებებს და პოკერ-რუმს დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. თუმცა, მისი აზრით, მსგავსი კორექტირება გარდაუვალი იყო და ადრე თუ გვიან ის აუცილებლად მოხდებოდა. VIP პროგრამასთან ერთად, ცვილელები განიცადა VPP-ის სისტემამაც - 2016 წლიდან, $5/$10 და უფრო მაღალი ლიმიტის NL და PL თამაშებზე, რეგულარები VPP ქულებს ვეღარ მიიღებენ. 

თუ 1-3 დეკემბრის ინტერვალით 'პოკერსტარსის' ტრაფიკს შევხედავთ, ბოიკოტი საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა. მაგრამ საკმარისია ციფრებს უფრო ღრმად ჩავეძიოთ, რომ სულ სხვა შედეგს მივიღებთ. PokerScout-ის თანახმად, პირველ დეკემბერს, პოკერ-რუმის ტრაფიკი 37.758 მოთამაშემდე გაიზარდა, რაც წინა კვირის მაჩვენებელის 65%-იან მატებას გულისხმობს. ეს ფაქტი, 'პოკერსტარსის' მიერ შეთავაზებულმა $1 მილიონიანმა Milestone Hands-ის საშობაო აქციამ გამოიწვია. არ უნდა იყოს ცუდი შედეგი, თუმცა გასული წლის მსგავს აქციას 133%-იანი ზრდა მოჰყვა. 

ტრაფიკის ზრდა 2 და 3 დეკემბერსაც შეინიშნებოდა, შესაბამისად - 12% და 9%-ით, მაგრამ მაღალი ლიმიტის მაგიდებს თუ გადაავლებდით თვალს, შესამჩნევ სიცარიელეს აღმოაჩენდით. 'პოკერსტარსმა' შეიძლება უგულებელყოს ეს ფაქტი, რადგან ჰაი სტეიკს თამაშები, პოკერ-რუმის მხოლოდ 1.7%-ს შეადგენს. ბოიკოტის დღეებში, ეს მაჩვენებელი, 0.69%-მდე შემცირდა. Super Tuesday-ის ტურნირზე, 451 მოთამაშის რეგისტრაციის შედეგად, გარანტირებული $450.000 დოლარიანი საპრიზო ფონდი, დიდი გაჭირვებით $1.050 დოლარით - სულ რაღაც ერთი ბაი-ინით გაიზარდა. წინა კვირის ტურნირთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ Super Tuesday-ზე 13%-იანი ვარდნა აღინიშნებოდა. 

ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე, რომელიც ბოიკოტში მონაწილეობდა, დენი Ansky შტერნი იყო - 'ტვიტერსა' და '2+2' ფორუმზე საპროტესტო აქციის სულისჩამდგმელი. მისი აზრით, აქციამ შედეგი გამოიღო და საჭიროების შემთხვევაში ის უფრო მძიმე და გახშირებულ ფორმას მიიღებს. 

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თავად 'პოკერსტარსს', არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. ბოიკოტის დღეებში, პოკერ-რუმის ერთ-ერთმა უდიდესმა კონკურენტმა 888poker-მა, მომხმარებელს, პოტ ლიმიტ ომაჰას მაგიდებზე განახევრებული რეიკი და გაუმჯობესებული ყოველდღიური გარანტირებული ტურნირი შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია რა რეაქცია მოჰყვება ამ ყველაფერს 'პოკერსტარსის' მხრიდან, თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 2014 წლის საპროტესტო აქციის შემდეგ, პოკერ-რუმი გარკვეულ დათმობებზე წავიდა და მოთამაშეების მიერ წამოყენებული მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 

რუმები

ქართული უცხოური