ონლაინ პოკერის ბუმი - საჭიროება, ვარაუდი და რესურსები
პოკერის წრეებში უკვე აქტიურად საუბრობენ ახალი ბუმის საჭიროების შესახებ. Two+Two ფორუმზე, ამ თემას, რამდენიმე ტოპიკი ეძღვნება, სადაც პროფესიონალი და მეტ-ნაკლებად ცნობილი ონლაინ გრაინდერები პოკერის ახალი ტალღის აუცილებლობას განიხილავენ.
'პოკერსტარსის' მიერ, უკანასკნელ პერიოდში, განხორციელებულ ცვლილებებს თუ დავეყრდნობით, მივხვდებით, რომ მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმი ძალ-ღონეს არ იშურებს მომხმარებლების მოზიდვისა და თამაშის გაუმჯობესებისთვის. სხვადასხვა დიდი ონლაინ საიტები, მათ შორის FullTiltPoker და 888Poker, სულ უფრო მეტ ფულს ხარჯავენ პოკერის პრომოუტინგში, რაც პოკერის ფართო მასებში შეღწევას უზრუნველყოფს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ონლაინ პოკერის არსებობას საფრთხე არ ემუქრება.
პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ 2005 წლის მსგავსი პოკერის ბუმი არასდროს განმეორდება. თამაში სულ უფრო იხვეწება, რთულდება და ამ საქმით ფულის შოვნაც საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს. მაგრამ ახალი ბაზრის გაჩენის, დამწყები მოთამაშეების მოზიდვისა და სულ მცირე დროით მაინც თამაშის გამარტივების იმედი, კვლავაც ცოცხლობს. მილიონობით ახალბედა მოთამაშეს კვლავ აქვს იმედი, რომ მისგან ახალი მანიმეიკერის დაბადება შეიძლება. მაგრამ სად უნდა ვეძებოთ ახალი ბაზარი?
"შავი პარასკევის" შემდეგ, როცა ონლაინ პოკერს მძიმე პერიოდი დაუდგა, ჩვენ, რუსი ონლაინ რეგულარების აღზევების მომსწრენი გავხდით. თუმცა, როგორც რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო გაზეთ 'კომერსანტთან' საუბარში აცხადებდა, რუსეთის მოსახლეობას, სპეციალური ზონების გარეთ, ეკრძალება ნებისმიერი აზარტული თამაში, როგორც ონლაინ, ისე ლაივ თამაშები. მათთვის, ვინც პოკერის ახალ ბუმზე ოცნებობს, ეს ნამდვილად ცუდი ამბავია.
ჩინელი მოთამაშეები, უკანასკნელი წლების განმავლობაში, გაცილებით ფართოდ არიან წარმოდგენილნი ონლაინ პოკერ-რუმებში. ჩინეთის პოპულაციის გათვალისწინებით, ეს ფაქტი გასაკვირი ნამდვილად არაა. 2014 წელს, Asia/Pacific Poker Tour-მა, ყველაზე მასშტაბური ლაივ ივენთი, პირველად გამართა Beijing Poker Club-ში. მაშინდელი ტურნირი, რომელსაც 2732 მონაწილე ჰყავდა, ჩინელმა ჩენ ქიმ მოიგო, $110.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. ივენთის თანაინვესტორი 'პოკერსტარსი' იყო. ჩინეთში გამართული Beijing Million ყველაზე მასთაბური ივენთი იყო, რომელიც შეერთებული შტატების გარეთ გაიმართა და მან, 2013 წელს, ბრაზილიაში გამართული ტურნირის რეკორდი გააუმჯობესა.
2014 წელს, ვეგასში გამართულ WSOP-ზე 6 ჩინური წარმოშობის მოთამაშე მოხვდა ფულში, მინიმალური $250.000 დოლარიანი მოგებით. წლევანდელ ზაფხულს კი მათი რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ჩინეთზე რომ მთელ მსოფლიოს უჭირავს თვალი, არამხოლოდ პოკერის მიმართულებით - ეს ფაქტია. ქვეყნის რესურსის გათვალისწინება უწევთ, როგორც კომერციულ მულტინაციონალურ კომპანიებს, ასევე პოლიტიკოსებსა და ზესახელმწიფოებს. რა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს ჩინეთში პოკერის დიდი ტალღის აგორება, როგორიც ეს ამერიკაში, 2003 წელს, WSOP-ზე კრის მანიმეიკერის გამარჯვების შემდეგ მოხდა? პასუხი თავად კითხვაშია: მსოფლიო პოკერს სჭირდება ჩინური წარმოშობის მოთამაშე, რომელიც მოიგებს დიდ ტურნირს! იქნება ეს WSOP, WPT, თუ EPT, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ დამწყებ მოთამაშეებს ის იმედი გაუჩნდეთ, რაც 2003 წელს ამერიკელებს ჰქონდათ.
ამ ყველაფრის პასუხად, შესაძლოა თამაშის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა - ჯონი ჩენი გავიხსენოთ. მაგრამ ჩენი 11 წლის იყო, როდესაც შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და დღეს, ის, თითქმის ამერიკელ მოთამაშედ აღიქმება. ყველაზე დიდი 'პრობლემა', რაც ჯონი ჩენთან დაკავშირებით ჩნდება, მდგომარეობს იმაში, რომ ის უკვე წინა თაობის მოთამაშეა, რომელმაც შესაძლოა დღევანდელ ონლაინ გრაინდერებს ვერც კი გაუძლოს.
პოკერის ახალი ბაზრისთვის კიდევ ერთი კარგი ადგილი ლათინური ამერიკაა. 'პოკერსტარსის' მიერ, 2008 წელს ჩატარებული Latin America Poker Tour (LAPT) ამის ნათელი მაგალითია. ბაზრისთვის მიმზიდველ გარემოდ შეიძლება ჩაითვალოს ონლაინ პოკერის რეგულაციების არარსებობა, რაც უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს და სავარაუდოდ, ლათინური ქვეყნების მესვეურები, ამ საკითხთან დაკავშირებით დადებით გზას აირჩევენ. გასათვალისწინებელია რეგიონის კლიმატი, რაც უამრავ ტურისტს იზიდავს - მათთვის, ლაივ პოკერ ტურნირები და ონლაინ პოკერით გართობა, კიდევ ერთი მიმზიდველი ფაქტორი იქნება.
ამ ყველაფრის განხორციელებას რამდენიმე გარემოება ართულებს: ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც ონლაინ გემბლინგი დაშვებულია, მოთამაშეებს საშუალება აქვთ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ფარგლებში ითამაშონ. ეს კი, ინტერნაციონალურ 'დაპირისპირებას' და მსოფლიო მასშტაბით ფულის მიმოქცევას ხელს უშლის. გარდა ამისა, რამდენიმე წლის წინ, საბერძნეთში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც მოთამაშე ვალდებულია ონლაინ პოკერით მიღებული შემოსავლიდან, ქვეყნის ბიუჯეტს გარკვეული პროცენტი გადაუხადოს. ეს კი ნებისმიერ მოთამაშისთვის დამანგრეველი გარემოებაა.
პოკერის ინდუსტრიაში, ისე როგორც უშუალოდ თამაშში, ყველაფერია შესაძლებელი: ჩვენ ვნახეთ "შავი პარასკევი", როდესაც რამდენიმე დღეში მოთამაშეთა ასეულობით მილიონი დოლარი უბრალოდ გაქრა და მთელი ინდუსტრია თავდაყირა აღმოჩნდა. და შესაძლოა მოხდეს პირიქითაც: რომელიმე დიდი ტურნირის მოგების შემთხვევაში, მილიონობით ჩინელმა მოთამაშემ, შესაძლოა პოკერის ონლაინ მაგიდებს მიაშუროს და ბაზარი წარმოუდგენლად გაიზარდოს.





