ჯონათან დუჰამელი WSOP-ის მესამე სამაჯურს იგებს
2010 წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული, მსოფლიო ჩემპიონი ჯეისონ დუჰამელი მესამე სამაჯურს იგებს. პარასკევს, ბერლინში გამართულ WSOPE-ზე, კანადელმა, €25.600 ევროიანი ჰაი როლერი მოიგო, €554.395 ევროთი პირველი ადგილისთვის. მიმდინარე წლის განმავლობაში, ეს უკვე მისი მეორე ოქროს სამაჯურია.
"ახლანდელი გამარჯვება გაცილებით უკეთეს ემოციებს იწვევს, ვიდრე მეორე ივენთის მოგება, - ამბობს მსოფლიო ჩემპიონი, - მიზეზი ზუსტად არ ვიცი. შეიძლება იმიტომაც, რომ 2015 წლისთვის ეს მეორე სამაჯურია, ან სულაც იმიტომ, რომ გამარჯვება ურთულეს ივენთზე მოვახერხე. ჩემთვის, ეს ტურნირი, ერთ-ერთი რთული იყო მთელი კარიერის განმავლობაში."
ფინალური მაგიდა, ბერლინის დროით შუადღით, ზუსტად 12 საათზე დაიწყო. 6 მოთამაშიანი მაგიდის დინამიკის 'გახურება' სწორედ დუჰამელმა აიღო საკუთარ თავზე და დიდი დარიგება ითამაშა - ტურნირის ჩიპ ლიდერს, მუსტაფა კანიტს, 88-ის სეტით სტეკის გაორმაგება აიძულა. შემდეგი რამდენიმე დარიგება, კანადელისთვის, მტკივნეული აღმოჩნდა: ჯერ დავიდი კიტაიმ KK-ით მის AK-ის მოუგო და სტეკი გაიორმაგა; შემდეგ მას ფედორ ჰოლცმაც მიბაძა AJ-ით, კანადელის 44-ის წინააღმდეგ, სადაც გერმანელმა რივერზე J მიიღო.
ფედორ ჰოლცი, კიტაის წინააღმდეგ ნათამაშებ დარიგებაშიც, ანდერდოგი იყო. მისმა 55-მა მხოლოდ იმიტომ გაუძლო კიტაის KK-ს, რომ ბორდზე ბროდვეი სტრეიტი დაიდო, რაც ორივე მოთამაშეს თანაბარ ბანკს აძლევდა. მაგრამ გერმანელის ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა: შორტ სტეკად დარჩენილი, იძულებული იყო ჯონათან დუჰამელის A7-ისთვის, T9-ით ეპასუხა, სადაც გამარჯვება უპირატესმა ხელმა შეინარჩუნა. ჰოლცი მეექვსე ადგილიდან გამოეთიშა ტურნირს.
ჩიპ ლიდერმა, მუსტაფა კანიტმა, დასრულებული გატშოტით, კიდევ ერთი გერმანელი - კრისტოფ ვოგელსგანგი ჩამოაშორა ტურნირს. გაზრდილი ბლაინდების პირობებში, რაც მოთამაშეთა სტეკებს სერიოზულ წნეხში აქცევდა, ფინალური მაგიდის წევრები იძულებულები იყვნენ ე.წ. 'ფუშ ორ ფოლდ' თამაშზე გადასულიყვნენ. ჯერ მუსტაფა კანიტმა გარისკა QT-ით, რასაც სემ კარტიერისგან A9-ით ქოლი მოჰყვა. ბორდზე დადებული A-ის და კარტიერის გაორმაგების შემდეგ, ყველა მოთამაშეს თითქმის თანაბარი სტეკი აღმოაჩნდა. სამართლიანობისთვის, მალევე, სემ კარტიერი და მუსტაფა კანიტი კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ამ შემთხვევაში კანადელის K6-მა ყოფილი ჩიპ ლიდერის TT-ს ვეღარ გაუძლო და ტურნირი სამი მოთამაშით გაგრძელდა.
ამის შემდეგ, მუსტაფა კანიტის თამაში დიდხანს არ გაგრძელებულა. მან ჯერ კიტაის წინააღმდეგ 'ჰირო ქოლის' გაკეთება სცადა, სადაც მოწინააღმდეგის მესამე წყვილის მოგებაც კი ვერ შეძლო, ხოლო შემდეგ, მინიმალური სტეკით დარჩენილი Q5-ით, დუჰამელის AJ-თან დამარცხდა და მოთამაშეებს ოქროს სამაჯურისთვის დაპირისპირების საშუალება მისცა.
ფინალური ჰედს-აპი თითქმის თანაბარი სტეკებით დაიწყო, მაგრამ მალევე აგრესიული ჩექ-რეიზით და ორმაგი ბარელინგით, დუჰამელმა, დავიდი კიტაის ფოლდი აიძულა და საკმაოდ დამაჯერებელი ჩიპ ლიდი მოიპოვა. ამის შემდეგ, კანადელს სვლა აღარ შეუნელებია და მიუხედავად კიტაის გაორმაგებისა, მოწინააღმდეგეს არანაირი შანსი აღარ დაუტოვა. საბოლოოდ, ბელგიელი იძულებული იყო J7-ით ოლ ინი გაეკეთებინა, რაზეც კანადელმა 77-ით მომენტალურად უპასუხა და AK287 ბორდზე კიდევ ერთი სამაჯური მოიპოვა.
ჯონათან დუჰამელმა, 2015 წლის ზაფხულში, მეორე სამაჯური, WSOP-ის $111.111 დოლარიან One Drop ჰაი როლერზე მოიპოვა. "ვფიქრობ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში საკმაოდ კარგად ვთამაშობ, - თქვა მან, - მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ იღბალიც ხელს მიწყობს. როცა ეს ორი რამ ერთმანეთს ემთხვევა, ნამდვილი სასწაული შეიძლება მოხდეს. როცა 2010 წელს მეინ ივენთი მოვიგე, საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ყოველ 5 წელში ერთ სამაჯურს მაინც მოვიგებდი. ეს ასეც მოხდა. მომავალ ზაფხულს, რა თქმა უნდა, ისევ ვაპირებ WSOP-ის ივენთებზე ბედის ცდას და მეხუთე სამაჯურის მოგებას."