რა მოუვიდა ტომ დუანს?

უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტომ დუანი FullTiltPoker-ს ჩამოშორდა. ის არამხოლოდ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პოკერ-რუმიდან, არამედ ზოგადად ონლაინ და ლაივ პოკერის თვალთახედვიდან დაიკარგა. "2+2"-სა და სხვა დიდ ფორუმებზე უკვე ასობით თემაა გახსნილი, სადაც უამრავი მოთამაშე ცდილობს გამოარკვიოს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გონების პატრონის, ტომ 'durrrr' დუანის ასავალ-დასავალი. კითხვები უამრავია: თამაშობს თუ არა ის მაკაუში და რა ლიმიტებზე? რატომ აღარ ჩანს ვირტუალურ მაგიდებთან, სადაც ერთ დროს მისი ეშინოდათ? რატომ აღარ თამაშობს დიდ ტურნირებს? ხომ არ გაკოტრდა? დაასრულებს თუ არა Durrrr Challenge-ს და რა საქმე უნდა ჰქონდეს საუკეთესო ქეშ გეიმერთან ჩინურ კრიმინალურ ტრიადა 14K-ს? 

ონლაინ გამოცემა PokerTube, ამ კითხვებთან დაკავშირებით, შემდეგ ვერსიას გვთავაზობს:

პოკერის ყველა მოყვარულმა იცის ვინ არის ტომ დუანი - მოთამაშე, რომელიც 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულიდან მოყოლებული ყველაზე საშიშ და არასასურველ მეტოქედ ითვლებოდა ნებისმიერი ლიმიტის ქეშ გეიმზე. ზოგიერთი ტოპ მოთამაშე, მას, 'სტუ ანგარის რეინკარნაციასაც' უწოდებდა. ის იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ 50.000 დარიგებაში, ნებისმიერ ადამიანს (და არამხოლოდ მოთამაშეს) სთავაზობდა 3:1 შანსებს. 

ჩვენი ისტორიისთვის, სწორედ ამ პერიოდიდან იძენს დენიელ 'jungleman' კეიტსი განსაკუთრებულ როლს. შანსები იმდენად კარგი იყო, რომ კეიტსი ვერასდროს იტყოდა უარს დუანის წინააღმდეგ თამაშზე. შეთანხმება შედგა: თუ 50.000 დარიგებაში ტომ დუანი მოგებას მოახერხებდა, დენიელ კეიტსისგან, ის, ნახევარ მილიონ დოლარს მიიღებდა, ხოლო წაგების შემთხვევაში, თავად გადაუხდიდა კეიტსს $1.500.000 დოლარს. მარათონული ჰედს-აპი 2010 წელს დაიწყო. ამ დროისთვის წყვილს უკვე 20.000 დარიგებამდე ჰქონდა ნათამაშები, სადაც $1.3 მილიონით 'jungleman' ლიდერობდა. მაგრამ 2011 წელს თამაში მოულოდნელად შეწყდა.

შეერთებულ შტატებში ონლაინ გემბლინგი აიკრძალა, ხოლო 'ფულტილტისა' და 'პოკერსტარსის' ანგარიშები გაიყინა. ეს კი, პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰედს-აპ დაპირისპირების შეწყვეტის მიზეზი გახდა. დუანი და კეიტსი იძულებულები იყვნენ თამაში ლას ვეგასის და მაკაუს კაზინოებში გაეგრძელებინათ. სწორედ ამ პერიოდიდან ჩნდება ჭორები, მაკაუში მილიონდოლარიანი სტეკებისა და გრანდიოზული თამაშების შესახებ. 

2012 წლის ნოემბერში, როდესაც FullTilt-მა ფუნქციონირება განაახლა და მოთამაშეებს კუთვნილი ფული დაუბრუნა, დენიელ კეიტსმა დუელის დასრულება და ბანკროლის $1.5 მილიონი დოლარით გამდიდრება მოისურვა, მაგრამ დუანი ონლაინ მაგიდებს აღარ გაჰკარებია. როგორც ჩანს, მან, მაკაუში გაცილებით ადვილი და შემოსავლიანი თამაში აღმოაჩინა. HighStakesDB-ის ცნობით, 2012-2013 წლებში, დუანმა 100.000 დარიგებაზე მეტი ითამაშა, საიდანაც Durrrr Challenge-ზე სულ რაღაც 2.500 დარიგება მოდიოდა. 

2013 წლის დეკემბერში, ტომ დუანი FullTiltPoker-ს გამოეყო. ორი თვის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში ის აცხადებდა, რომ პოკერ-რუმთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდა, თუმცა დეტალები არ გაუმხელია. მოგვიანებით, უფრო დიდი უთანხმოება დენიელ კეიტსთან დაიწყო, რომელსაც Durrrr Challenge-ის დასრულება და $1.5 მილიონი დოლარის მიღება სურდა. მისივე ინფორმაციით, დუანი, ყოველგვარი აზარტული დაპირისპირების გარეშე, ყოველ ორ თვეში $40.000 დოლარის გადახდაზე თანახმდა. ჰედს-აპის გაგრძელების მოთხოვნით, კეიტსი, მოწინააღმდეგეს, პირადი ცხოვრების გასაჯაროებით დაემუქრა, მაგრამ დუანის პოზიცია უცვლელი რჩებოდა. მისი სატელევიზიო დრო და ფართო პუბლიკასთან ურთიერთობა, სულ უფრო და უფრო მცირდებოდა.

2014 წლის ზაფხულში, ტოტალიზატორის უკანონო ფუნქციონირებისა და არალეგალური ფსონების მიღების ბრალდებით, ტომ დუანის მეგობრები, პოლ ფუა და რიჩარდ იონგი დააპატიმრეს. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ფუასა და იონგის თავდებით გასათავისუფლებლად, ტომ დუანმა, ფილ აივიმ და ენდრიუ რობლმა $2.5 მილიონი დოლარი გადაიხადეს. აშკარაა, რომ მაკაუში თამაშისას, ტომ დუანმა გავლენიანი ადგილობრივი მეგობრები გაიჩინა. 

ზოგიერთი წყარო იტყობინებოდა, რომ მაკაუში $6.000/$12.000 თამაშები იმართებოდა, $1.000.000 დოლარიანი სტეკებით. CardPlayer Latin America-ს თანახმად, მაკაუში ყოფნისას, დუანის მოგება $25 მილიონ დოლარს ცდებოდა, რასაც თავად მოთამაშე, 'ტვიტერის' საშუალებით, კატეგორიულად უარყოფდა - "ეს ყველაფერი სისულელეა... მსგავსი არაფერი მომხდარა. მაკაუში ჩემი თამაში საკმაოდ წამგებიანი აღმოჩნდა..."

პოლ ფუა და რიჩარდ იონგი აქტიურად მოიაზრებიან ჩინური ტრიადის 14K-ის წევრებად. 14K ერთ-ერთი უდიდესი კრიმინალური ორგანიზაციაა, რომელიც 25.000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს. მათი საქმიანობა, ძირითადად, ჰეროინითა და ოპიუმით ვაჭრობას, ფულის გათეთრებასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნარკოტიკებით მომარაგებას მოიცავს. ამ ორ ადამიანთან მეგობრობის გამო, ბევრი ვარაუდობდა, რომ ტომ დუანის დიდი თამაშები, სწორედ კრიმინალური ტრიადის მიერ იყო ორგანიზებული და დაფინანსებული. 

2015 წლის მაისში, დუანი, პუბლიკის წინაშე, ფილ აივისთან და ჯონი ჩენთან ერთად, Poker King Club-ის გახსნაზე წარსდგა. მოგვიანებით, დენიელ კეტსის თქმით, მასსა და დუანს შორის მიმდინარე დავა მოგვარებული იყო და Durrr Challenge-ის დასრულება უახლოესი ცხრა თვის განმავლობაში იგეგმებოდა. კეიტსმა, ეს განცხადება, 2015 წლის ივლისში გააკეთა. 

დასკვნისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ ტომ დუანი ცოცხალია და ის ისევ პოკერის მაგიდასთან ზის, თუმცა განსხვავებულ, ჩვენთვის უცხო გარემოში. მისი უკანასკნელი აქტივობა FullTilt-ზე 2013 წლის 15 დეკემბრით თარიღდება.  სუპერვარსკვლავის ცხოვრების მიუხედავად, მის აწმყოზე მხოლოდ რამდენიმე წინადადების დაწერაა შესაძლებელი. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ის კვლავ აქტიური მოთამაშეა და კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო. 

რუმები

ქართული უცხოური