პოკერის მოყვარულის ახდენილი ოცნება

პოკერის მოყვარულმა, მაკარიოს ავრამიდისმა სანუკვარი ოცნება აისრულა. ბერძნული წარმოშობის გერმანელმა ბიზნესმენმა, რომელიც ამჟამად ბერლინში სარესტორნო საქმიანობას ეწევა, WSOPE-ის პირველი, €2.200 ევროიანი 6-მაქს ივენთი, ურთულეს ფინალურ მაგიდაზე მოიგო. მან ისეთ აგრესიულ მოთამაშეებში მოახერხა გამარჯვება, როგორებიც გერმანელი მარვინ რეტენმაიერი, 2015 წლის WSOP-ის სამაჯურის მფლობელი პოლ მიქაელისი და WSOP-ის 10 ფინალური მაგიდის მონაწილე სტივენ ჩედვიკი არიან. 


"ახლაც კი ვერ ვხვდები რა მოხდა, - თქვა ტურნირის მოგების შემდეგ ავრამიდისმა, - რამდენიმე წელია EPT-ის ტურნირებს ვთამაშობ და საპრიზო ადგილებზე გასვლაც კი ვერ შევძელი. ვერ აღვწერ ამჟამინდელ შეგრძნებებს. ალბათ, კიდევ რაღაც პერიოდი დამჭირდება იმის გასაანალიზებლად, თუ რას მივაღწიე."


ფინალური მაგიდა მარვინ რეტენმაიერის შორტ სტეკ პოზიციით დაიწყო, რაც დინამიკას კიდევ უფრო დაძაბულსა და აგრესიულს ხდიდა. თუმცა ის, მალევე, ჩიპ ლიდერმა პოლ მიქაელისმა AA-ით გამოთიშა თამაშს მეექვსე პოზიციაზე. მიქაელისის ჩიპლიდი სტივენ ჩედვიკმა იმსხვერპლა, როდესაც ჯერ რივერზე მიღებული სთრეითით, ხოლო შემდეგ ტრიპსით მოუგო. მეხუთე ადგილი რიკ ალვარადოს ხვდა წილად, რომელსაც ისევ ჩედვიკი დაუპირისპირდა. თუმცა, ამ უკანასკნელის აღმასვლა მალევე დამთავრდა - ჩედვიკმა ჯერ შორტ სტეკად დარჩენილი მოთამაშეები გააძლიერა, ბოლოს კი AQ-ით პოლ მიქაელისის AK-თან დაკარგა ტურნირის გაგრძელების შანსი. 

სტივენ ჩედვიკთან დაშვებული რამდენიმე შეცდომისა და კუთვნილი 'ქონების' დაბრუნების შემდეგ, პოლ მიქაელისი კვლავ ჩიპ ლიდერის პოზიციაზე აღმოჩნდა. 24 წლის პროფესიონალმა, აშკარად იცის როგორ გამოიყენოს დიდი სტეკი. მან ძალიან აგრესიული თამაში აჩვენა და დარჩენილ მოთამაშეებს საკმაოდ რთული გამოცდა მოუწყო. თუმცა, ავრამიდისის JJ-ის წინააღმდეგ TT-ით გაკეთებული პრეფლოპ ოლინი ძვირად დაუჯდა. "როცა მის ოლ ინს ვუპასუხე, დარწმუნებული ვიყავი, რომ უპირატესობა ჩემ მხარეს იყო" - თქვა ავრამიდისმა, რომელმაც ტურნირის მსვლელობის განმავლობაში, პირველად მოიპოვა ჩიპ ლიდერის პოზიცია. პოკერში ბედის ირონია ხშირია - რამდენიმე დარიგების შემდეგ, თავად ავრამიდისი აღმოჩნდა TT-ით ფრედერიკ შვარცერის JJ-ის წინააღმდეგ, რის გამოც პოზიციის დათმობა მოუწია. 

ფინალურ ჰედს-აპზე შვარცერის უპირატესობის მიუხედავად, ავრამიდისმა უჩვეულოდ აგრესიული თამაში აჩვენა, - "ვფიქრობდი, რომ დაწინაურების შემდეგ, შვარცერი უფრო ფრთხილი გახდა. ვატყობდი, რომ დიდ ხელებს ელოდებოდა. ამიტომაც გაცილებით გახსნილი და აგრესიული თამაში გადავწყვიტე. აშკარად ვგრძნობდი, რომ ტურნირის მოგება უნდოდა და დიდი ბანკების თამაშს ერიდებოდა. ყველანაირად ვეცადე, მასზე მაქსიმალური ზეწოლა განმეხორციელებინა."

ავრამიდის, რომელიც უკვე 30 წელია გერმანიაში ცხოვრობს, პოკერს, მხოლოდ გართობად და ახალგაზრდული წლების გატაცებად მიიჩნევს. ბავშვობაში ტკბილეულზე თამაში, თინეიჯერობაში ფულმა შეცვალა. "პოკერი ჩემი გატაცებაა, - თქვა მან, - ვიცი, რომ ეს დიდი მიღწევაა, მაგრამ არ მინდა ამით ვიტრაბახო. ამხელა ტურნირის მოგებას, ვიცი, რომ იღბალი სჭირდება. მე კი იღბლის ორივე მხარეს ვყოფილვარ."

 

თეგები
პოკერი WSOPE 2015

რუმები

ქართული უცხოური