მოთამაშე კაზინოს უჩივის
Hard Rock Hotel & Casino, სავარაუდოდ, დიდ უსიამოვნებაში გაეხვა, რამდენადაც მას ნიუ ჯერსის მკვიდრი, ტომ-მეთიუ ჰო უჩივის. ის კაზინოს ადმინისტრაციას უკანონოდ დაკავებაში და $3.625 დოლარის ჩამორთმევაში ადანაშაულებს. შემთხვევა 2015 წლის აგვისტოში დაფიქსირდა, როდესაც ტომ-მეთიუ ჰო ბლექ-ჯექის მაგიდასთან კარტს ითვლიდა. ჰო კაზინოს $10.000 დოლარს ედავება, რომელშიც მის მიერ მოგებული და შემდეგ ჩამორთმეული და ასევე სასამართლო პროცესისთვის დახარჯული თანხა შედის.
როგორც Las-Vegas Review-Journal იტყობინება, ჰომ სარჩელი 3 სექტემბერს, კლარკ ქაუნთის რეგიონულ სასამართლოში შეიტანა. რამდენადაც ლას ვეგასის კანონმდებლობით ბლექ-ჯექის მაგიდებთან კარტის დათვლა უკანონოდ არ ითვლება, კაზინოს მესვეურებს არ აქვთ უფლება მოთამაშეს მოგებული თანხა ჩამოართვან. მათ მხოლოდ მოთამაშის შავ სიაში შეყვანა და კაზინოდან გაძევება შეუძლიათ.
სავარაუდოდ ყველაზე ცნობილი შემთხვევა, რომელიც მსგავს ფაქტს ასახავს, 2014 წლის აპრილშია დაფიქსირებული, როდესაც ცნობილი მსახიობი და პოკერის დიდი მოყვარული, ბენ აფლეკი, Hard Rock კაზინოს ადმინისტრაციამ კარტის დათვლის ბრალდებით შავ სიაში შეიყვანა.
ჰოს მიერ შეტანილ საჩივარში განმარტებულია, რომ ის მას შემდეგ დააკავეს, რაც მან შენიშნა კაზინოს მესვეურების ყურადღება და ფულის განაღდება გადაწყვიტა. ბლექ-ჯექის მაგიდების მენეჯერის მოთხოვნის მიუხედავად, მან კანონის ფარგლებში უარი განაცხადა საკუთარი ვინაობის გამხელაზე, ხოლო კაზინოს სალარომ უარი უთხრა მოგებული თანხის გადახდაზე, რის შემდეგაც მას ხელბორკილები გაუკეთეს და კაზინოს განცალკევებულ ოთახში გადაიყვანეს. კაზინოს დაცვას, ასევე, ბრალად ედება უკანონო ჩხრეკვის ჩატარება და მომჩივანისთვის საფულის წართმევა, ვინაობის გარკვევის მიზნით.
გარდა ამისა, ტომ-მეთიუ ჰო, Hard Rock კაზინოს, საკუთარი ქმედებების ლას ვეგასის აზარტული თამაშების საბჭოსთან შეუთანხმებლობაში ადანაშაულებს. მსგავსი შემთხვევის არსებობის პირობებში, კაზინო ვალდებული იყო, საბჭოსთვის აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობებინა და შესაბამისი ინსტრუქციით ემოქმედა.





