ჩინელ სუპერვარსკვლავს, არალეგალური თამაშების გამო, 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გუშინ, პეკინის სასამართლომ 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჩინელ ლამაზმანსა და ადგილობრივი ტელევიზიის ცნობილ სახეს, გუო მეიმეის. მას ბრალად არალეგალური აზარტული თამაშების გამართვა ედება. როგორც ბრალდებული აღიარებს, იგი, თავის სახლში უამრავ ლოკალურ მილიონერს მასპინძლობდა და სხვადასხვა სახის თამაშებში მონაწილეობის საშუალებას აძლევდა. მათ შორის, რა თქმა უნდა პოკერიც იყო. 5 წლიანი პატიმრობის გარდა, სასამართლომ, გუო მეიმეის ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმაც დააკისრა, რომელიც სულ რაღაც $8.000 დოლარს შეადგენს. 

გარდა პოკერის და სხვა კაზინოს თამაშებისა, გუომ ასევე აღიარა არალეგალური ფსონების მიღება 2014 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე, რისთვისაც მის თანამონაწილეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. 

როგორც მოგეხსენებათ, აზარტული თამაშები, ჩინეთის ტერიტორიაზე, არალეგალურადაა მიჩნეული. გამონაკლისი მხოლოდ მაკაოა, რომელიც ოდესღაც პორტუგალიის კოლონიას წარმოადგენდა, ახლა კი იქ აზარტული ბიზნესი ყვავის. მაკაოს, ბევრი, ლას ვეგასის შემდეგ ნომერ მეორე აზარტულ ქალაქად მიიჩნევს. ადგილობრივ კაზინოებში თავს იყრიან მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები, მათ შორისაა ფილ აივი და ტომ დუანი. როგორც აივი ამბობს, ქალაქში ისეთი მასშტაბის თამაშებს შეხვდებით, როგორიც არსად არ არის. ამჟამად, მაკაოში PokerStars Macao Poker Cup-ის ტურნირი იმართება. 

გუო მეიმეი არალეგალური აზარტული საქმიანობის გამოაშკარავებამდეც საკმაოდ უარყოფითი პოპულარობით სარგებლობდა. ადგილობრივ მოსახლეობას ლამაზმანის მიმართ მაშინ გაუჩნდა განსაკუთრებული პრეტენზიები, როცა ის "ჩინეთის წითელი ჯვრის საზოგადოების" სათავეში მოექცა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ მისი სამსახურისგან რადიკალურად განსხვავებული, ძვირადღირებული და პომპეზური ცხოვრების გამო. მიუხედავად იმისა, რომ გუომ მალევე დატოვა "წითელი ჯვრის საზოგადოება", მის მიმართ აგორებული აგრესიის ტალღა მაინც არ ჩამცხრალა. 

გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე, ბრალდებული პატიებას ითხოვდა და დანაშაულს აღიარებდა, თუმცა სასამართლოს და დარბაზს მის წუხილზე ყურადღება არ გაუმახვილებია. ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, სასამართლოს გაცილებით დიდი სასჯელის დაწესება შეეძლო, თუმცა გუოს რეპუტაციის გავლენით, მას მხოლოდ 5 წელი მიესაჯა. 

რუმები

ქართული უცხოური