რა გავლენა მოახდინა პოკერზე ფილმმა Rounders?
ყველას გექნებათ ნანახი ლეგენდარული ფილმი Rounders, ედუარდ ნორტონის, მეტ დეიმონისა და ჯონ მალკოვიჩის მონაწილეობით, რომელსაც, პოკერის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, მხოლოდ 'მანიმეიკერის ეფექტი' თუ აჯობებს. ფილმის შინაარსის მოყოლას დიდი დრო შეიძლება დაეთმოს, მაგრამ ალბათ ამის საჭიროება არ არსებობს.
ადამიანების უმეტესობისთვის, 1998 წლამდე, როცა ფილმი გამოვიდა, პოკერი ერთ-ერთი აზარტული თამაში იყო, რომელიც კაზინოს ჩვეულებრივ მოთამაშეებს იზიდავდა. მოთამაშეების უმეტესობა, პრივატულობას ამჯობინებდა, რადგან ფართო მასებში გემბლერის სტატუსი არც ისე კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. ეს ყველაფერი 'მანიმეიკერის ეფექტამდე', პოკერის ბუმამდე და ონლაინ კაზინოებამდე გაცილებით ადრე იყო.
Rounders-მა ეს ყველაფერი შეცვალა, ან ცვლილებებისთვის პირველი ნაბიჯები მაინც გადადგა. ის ხარვეზები, რაც პოკერის მოყვარულებმა ფილმში შეიძლება აღმოაჩინონ, მეორეხარისხოვანია. მთავარია რა მესიჯი მიიტანა კინოსურათმა მაყურებლამდე, რომელსაც პოკერზე რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდა. ფილმის მთავარი მესიჯი ასე ჟღერდა: "იღბალს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს!" ეს კი სრულიად ახალი სიტყვა იყო აზარტულ თამაშებში. ხალხმა არაფერი იცოდა პოკერის, განსაკუთრებით კი ტეხასური ჰოლდემის შესახებ. მანამდე პოკერის ეს სახეობა, მართალია სხვებისგან გამორჩეული, მაგრამ მაინც სხვა თამაშების თანაბარი პოპულარობით სარგებლობდა.
მიუხედავად იმისა, რომ პოკერში იღბალს საკმაოდ დიდი როლი აქვს, ფილმის სცენარისტები სხვა გარემოების წარმოჩენას ცდილობენ. ყველას გვახსოვს სცენა, სადაც მეტ დეიმონის გმირი, მაიკი, ერთ-ერთი 'ჰოუმგეიმის' დროს როგორ კითხულობს ყველას ხელს უშეცდომოდ.
ცხადია, ეს ყველაფერი, ჰოლივუდური ფილმის შესაბამისად, გადაჭარბებულია, მაგრამ იღბლის ფაქტორის გამოთიშვისა და თამაშის ცოდნის ელემენტების ჩართვა, ფილმისთვის ერთ-ერთი უმთავრესი იდეაა, რომელმაც თამაშზე ხალხის წარმოდგენა თავდაყირა დააყენა.
გარდა ამისა, მაიკის მეგობარი, რომელიც პროფესიონალი თაღლითია, მუდმივად ცდილობს მის ჩათრევას 'ბინძურ თამაშში', მაგრამ მაიკს ეს არაფერში სჭირდება, რადგან მან თამაში იცის და უპირატესობა მის მხარესაა. ეს კიდევ ერთი დიდი სტერეოტიპის დამსხვრევის მცდელობაა, რომელიც მაშინდელ საზოგადოებაში ფართოდ იყო გავრცელებული - თამაშით აგებ, ან იგებ თუ თაღლითობ.
ბანკროლ მენეჯმენტი, სავარაუდოდ, ფილმის მთავარი გმირის და ზოგადად ფილმის მთავარი სისუსტეა. ეს ის თემაა, რომელზეც ყველა მოთამაშე გაიცინებს ფილმის მსვლელობისას. მაიკს ფილმის ფინალშიც კი არ ადარდებს ბანკროლ მენეჯმენტის იდეა. ფილმში, ის წარმოჩენილია, როგორც კარგი, ნიჭიერი მოთამაშე, მაგრამ ისიცაა ნაჩვენები, რომ ნებისმიერ დარიგებაში, ნებისმიერ დიდ თამაშში, შეიძლება მოხდეს რაიმე ცუდი - ბედ ბითი, არასწორი თამაში, ან ნებისმიერი რამ, რაც ფულის დაკარგვას გამოიწვევს. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფილმში მაინც ხაზგასმულია მოთამაშეზე დამოკიდებული ფაქტორები, რომლებიც მას ან სიტუაციის გამოსწორებაში, ან გადალახვაში დაეხმარებიან.
ის, რამაც Rounders-ს ასეთი წარმატება მოუტანა, მარტივი ამერიკული კინემატოგრაფისთვის დამახასიათებელი სიუჟეტია - ბრძოლა მიზნისთვის და ოცნებებისთვის, რადაც არ უნდა დაგიჯდეს! ბანალურია, რა თქმა უნდა, მაგრამ ოცნება ადამიანებს მოტივაციას აძლევს, ოცნება იყიდება, ოცნება და მისი ახდენა ამერიკული ფილმის მთავარი იდეა იქნება ყოველთვის. რაც არ უნდა იყოს, თუ ამ იდეის პოკერთან შერწყმას და ხალხისთვის მიწოდებას მოახერხებ, ის აუცილებლად წარმატებული იქნება. ადამიანებს ყველაფრის რომანტიზება უყვართ. ჰოლივუდმა მოახერხა რომანტიულად წარმოეჩინა მძარცველები, მკვლელები, ტერორისტებიც კი. პოკერის მოთამაშე? რატომაც არა?
ფილმში ყველაფერი ამერიკული ოცნების სცენარით ვითარდება. მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ, რომ პოკერი სუფთა გემბლინგისგან განსხვავდება, თუ თამაშში გონებასაც მოიხმარ - ფულის შოვნაც შეგიძლია. რა უნდა იყოს ამაზე დიდი ამერიკული ოცნება?
საბოლოოდ იმის თქმა შეიძლება, რომ Rounders ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რაც კი პოკერზე გადაღებულა. ფილმი რომც არ მოგწონდეთ, თუ პოკერის მოყვარული და გულშემატკივარი ხართ, მისი წარმატება აუცილებლად გაგახარებდათ, რადგან ის იდეა და მესიჯი, რასაც ფილმი პროპაგანდირებას უწევს, პოკერის ფართო მასებში გასატანად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მან უდიდესი გავლენა მოახდიან იმ ადამიანებზე, ვისაც წარმოდგენა არ ჰქონდა თამაშის შესახებ. ხალხმა სრულიად სხვა, მოთამაშის პერსპექტივიდან მოახერხა თამაშის დანახვა, რამაც თავდაპირველად ტოლერანტობისა და თანაგრძნობის განცდა, ხოლო შემდგომ იგივე ოცნებების გაღვივება გამოიწვია.