საქმე დახურულია - პოლ ფუა სასამართლო პროცესს იგებს

11 თვის შემდეგ, რაც მალაიზიელი ბიზნესმენი და ჰაი სტეიკს რეგულარი, პოლ ფუა, 2014 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში არალეგალური ფსონების მიღების ბრალდებით დააკავეს, შეერთებული შტატების ერთ-ერთი ოლქის მოსამართლემ, ენდრიუ გორდონმა, ის უდანაშაულოდ სცნო და საქმე დახურა. როგორც Las Vegas Review-Journal იტყობინება, გორდონმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურატურამ ვეღარ შეძლო დაგეგმილი სასამართლო პროცესის ჩასატარებლად საჭირო მტკიცებულებების წარმოდგენა. 

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 9 ივლისს, კაზინო Caesars Palace-ში, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, პოლ ფუა თავის 22 წლის შვილთან და რამდენიმე ჩინელ და მალაიზიელ ბიზნესმენთან ერთად დააკავეს, არალეგალური ბეთინგის წარმოების ბრალდებით. 

როგორც ცნობილი ხდება, პოლ ფუას წინააღმდეგ გამოძიება გაცილებით ადრე დაიწყო, მაშინ, როცა Caesars Entertaiment-ის გამოძიების სამსახურის უფროსს, პოლ ურბანს, ფუას მდიდრულ ვილაში გადაღებული სურათები მიაწოდეს. სურათებში ასახული იყო კომპიუტერები, ფართოეკრანიანი ტელევიზორები, ვაი-ფაი მოწყობილობები და სხვა ისეთი და იმ რაოდენობის ატრიბუტიკა, რომელიც, როგორც წესი, გამოყენებულია არალეგალური ბეთინგის ბიზნესში. გამოძიების ფედერალური ბიურო თვლიდა, რომ ვეგასში ფუას წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაცია, მის დაპატიმრებას უკავშირდებოდა მაკაოში, როცა ბიზნესმენი 18 ივნისს იგივე ბრალდებით დააკავეს. მაგრამ ამერიკული სპეცსამსახურების ვარაუდით, მას შემდეგ, რაც ფუამ გირაოს სანაცვლოდ პატიმრობას დააღწია თავი, ის ლას ვეგასიდან ახორციელებდა არალეგალური ფსონების მიღებას. 

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულთაგან ექვსმა აღიარა დანაშაული, მთელი პროცესის განმავლობაში ფუა ამტკიცებდა, რომ მას და მის შვილს არანაირი შეხება არ ჰქონიათ უკანონო ფსონებთან. მას შემდეგ, რაც ჰაი სტეიკს რეგულარებმა, ფილ აივიმ, ენდრიუ რობლმა და დეინელ კეიტსმა, მალაიზიელი ბიზნესმენის თავდებით გასათავისუფლებლად, გირაოს სახით, $4.5 მილიონი დოლარის გადაიხადეს, ფუამ გადაწყვიტა სასამართლოსთვის მიემართა და დაემტკიცებინა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ მის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაცია უკანონო იყო. 

"გათავისუფლების შემდეგ, პოლ ფუა დარჩა ამერიკაში. ის აბსოლუტურად უდანაშაულო იყო და სრულიად უსამართლოდ იქნა დაკავებული და დაჯარიმებული. ხოლო სახელმწიფოს მოქმედებებმა, მისი ისტორია, კიდევ უფრო უსამართლო გახადა, - თქვა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ფუას ერთ-ერთმა ადვოკატმა, თომას გოლდშტეინმა, - დღეს მისი უფლებები, ამერიკის სასამართლო სისტემაში, სრულად იქნა აღდგენილი."

პირველი ბზარები, ფუას წინააღმდეგ წამოწყებულ საქმეში, თებერვალში გაჩნდა, როდესაც მოსამართლემ, პეგი ლინმა აღმოაჩინა, რომ FBI-ის აგენტების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ორდერის მოსაპოვებლად იყო საჭირო, ყალბი და სასამართლოს შეცდომაში შემყვანი იყო. ხოლო მოსამართლე პოლ გორდონის აზრით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პოლ ფუას უფლებებს სერიოზული ზიანი მიაყენა, რამდენადაც FBI-ის აგენტებს არ ჰქონდათ მის ნომერში შესვლის ორდერი. როგორც ცნობილი გახდა, ოპერაციის დაწყებამდე, FBI-ის თანამშრომლებმა, პოლ ფუას, ნომერში ინტერნეტის მიწოდება შეუწყვიტეს, რათა ხელოსნების ფორმაში გადაცმულ აგენტებს მის ოთახში შესვლისა და ფარული კამერით "მტკიცებულებების" გადაღების საშუალება მოეპოვებინათ. 

"გამოდის, რომ თუ სახელმწიფო, რიგით მოქალაქეს დაუზიანებს სატელეფონო, ინტერნეტის ან სხვა სიცოცხლისთვის არააუცილებელ საჭიროებას, მას საშუალება ეძლევა, სრულიად უკანონოდ შეაღწიოს დაზარალებული პირის ყველაზე პრივატულ გარემოში და ვიდეოკამერით გადაიღოს მისი პერსონალური სივრცე", - თქვა გორდონმა. მისი გადაწყვეტილების შემდეგ, გორდონმა სახელმწიფოს დააკისრა ვალდებულება, დაებრუნებინათ პოლ ფუასთვის პასპორტი და მისი პირადი თვითმფრინავი. საქმის გაუქმების შემდეგ, პოლ ფუას, ლას ვეგასში თამაშის უფლებაც მიეცა. როგორც ამჟამად ცნობილია, ფუამ დატოვა შეერთებული შტატები. ასე რომ მალაიზიელ ბიზნესმენს, წლევანდელ WSOP-ზე ვერ ვიხილავთ. თუმცა მის კარიერაში არის ერთი საპატიო, მერვე ადგილი, რომელიც მან 2012 წელს, $1.000.000 დოლარიან Big One For One Drop ტურნირში დაიკავა. 

რუმები

ქართული უცხოური