პროფესიონალი მოთამაშეების რეალური შემოსავალი - ღირს თუ არა პოკერის პროფესიად არჩევა?

+ პოსტის დამატება

ყველას გვიოცნებია პოკერის პროფესიონალ მოთამაშედ გახდომაზე. არა მიკრო ლიმიტების გრაინდერობაზე, არამედ ნამდვილ, დიდ პოკერზე, ტელეშოუებში რომ აჩვენებენ, ისეთზე. მილიონობით დოლარის გამომუშავება, პოკერის ელიტარულ წრეებში ტრიალი, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და საუკეთესო კაზინოებისა, თუ სასტუმროებში გაჩერება, მართლაც ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავს, თუნდაც ისეთს, პოკერთან რომ შეხება საერთოდ არ ჰქონია. მაგრამ მათ, ვისაც სათამაშო ინდუსტრიაში ღრმად ჩაუხედავს, უამრავი ისტორია ექნება გაგონილი, თუ როგორ გაკოტრდნენ დიდი მოთამაშეები, როგორ შოულობენ მილიონებს და შემდეგ როგორ ქრებიან მსოფლიო პოკერის ასპარეზიდან. ასე მოუვიდათ ერთ დროს საუკეთესო მოთამაშეებად აღიარებულ ერიკ ლინდგრენს, სკოტ უინს, ბრედ ბუთს და, როგორც ჭორებში ამბობენ, ლეგენდარულ გას ჰენსენსაც. 

მთავარი კითხვა, რომელიც ამ შემთხვევაში ისმება, ასე ჟღერს: რამდენს გამოიმუშავებენ პროფესიონალი მოთამაშეები პოკერის მაგიდებთან? ისე როგორც უამრავ კითხვაზე, ამ შემთხვევაშიც პასუხი 'გააჩნია' იქნება... როგორც სტატისტიკა აჩვენებს, პროფესიონალი მოთამაშეების მხოლოდ 1-2% თუ ჩაითვლება წარმატებულ მოთამაშედ. მოთამაშეების დარჩენილ ნაწილს კი კატასტროფული სვინგები ახასიათებს, რასაც, ისინი, ან გაკოტრებამდე მიჰყავს, ან გადარჩენისთვის მუდმივ ბრძოლას აიძულებს. ამ ბლოგ პოსტში განვიხილოთ პოკერის მოთამაშეების რეალური მოგება, შემოსავლის წყაროები და ის რეალობა, რომელიც პროფესიონალურ პოკერს ახლავს თან. 

პირველ რიგში, იმისთვის რომ პროფესიონალი პოკერისტის შემოსავალი გავარკვიოთ, საჭიროა გავიგოთ შემოსავლის რა წყაროებს ფლობს ის და როგორ მოიპოვებს 'ლუკმა-პურს'? პოკერის ბუმის დასაწყისში, რომელიც ადრეული 2000-იანებით თარიღდება, დამწყები მოთამაშეების უმეტესობა ტურნირებზე იყო ორიენტირებული. მოგვიანებით ყველა მიხვდა, რომ ტურნირებში არსებული მაღალი დისპერსიის გამო, მათი შემოსავლიან თამაშად გადაქცევა საკმაოდ რთული იდეა იყო. რა თქმა უნდა, თქვენ შეიძლება მაგალითად მოიყვანოთ ჰელმუტი, ნეგრანუ და სხვა მსგავსი მოთამაშეები, მაგრამ ასეთი ადამიანები სწორედ იმ 1-2%-ში შედიან, რომელიც ზემოთ ვახსენე. 

დღევანდელი დიდი მოთამაშეები ორი მიმართულებით 'მოღვაწეობენ': ქეშ-გეიმები, რაც მათ რეგულარულ შემოსავლის წყაროდაა ქცეული და დიდი ტურნირები, რომელზეც, გამართლებისა და შესაბამისი ხელშემწყობი გარემოების შემთხვევაში, ისინი დიდ მოგებას ელიან. ამასთან, უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ტურნირებსა და ქეშ-გეიმებში არ მდგომარეობს მათი წარმატების საიდუმლო. დღევანდელ პირობებში ტეხასური ჰოლდემი ძალიან რთული სათამაშო გახდა. ადრე მარტივი წესების გამო, თამაში თუ ყველამ იცოდა, თანამედროვე კომუნიკაციებისა და მილიონობით სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით, ჰოლდემში სუსტი მოთამაშე თითქმის აღარ არსებობს - შესაბამისად, ჰოლდემით ფულის შოვნაც გართულდა. ისინი, ვინც ჰოლდემს კარგად თამაშობენ, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში არიან ომაჰას, ბადუგის, რაზისა და პოკერის სხვა სახეობებში. პროფესიონალი მოთამაშეებიც სწორედ აქ არიან ჩასაფრებულები. როგორც ცნობილია, ლას ვეგასის VIP ოთახებში ჰოლდემს თითქმის არ თამაშობენ, ან მხოლოდ 8-გეიმსის პირობებში, როდესაც ტეხასური ჰოლდემის გარდა, სესიაზე, კიდევ 7 თამაშის ცოდნა დაგჭირდებათ. 

რა დანახარჯებს უნდა ელოდოს პოკერის პროფესიონალი მოთამაშე? ონლაინ გამოცემები მარტივად წერენ ნიუსებში კოლოსალურ ციფრებს, სათაურებით "დენიელ ნეგრანუმ $1.000.000 დოლარი მოიგო!" რეალურად არავინ აქცევს ყურადღებას იმ დანახარჯებს, რომელიც მოთამაშეს მუდამ თან სდევს. რა თქმა უნდა, ნეგრანუს მსგავს მოთამაშეებს დიდი სპონსორები ჰყავთ, რომლებიც საყოფაცხოვრებო ხარჯებს სრულად ანაზღაურებენ, მაგრამ არიან მოთამაშეები, რომლებიც ყოველგვარი სპონსორის გარეშე, საკუთარი ჯიბიდან იხდიან ყველაფერს. გადასახდელი კი უამრავია, განსაკუთრებით როცა საქმე ლაივ პოკერს ეხება. ვთქვათ, რომ მოთამაშე ტურნირების რეგულარია, რომელიც დაახლოებით 20%-ის შემთხვევაში შედის ფულში. მისი ხარჯები ასე გამოიყურება:

  • ტურნირების ბაი-ინები
  • პარალელურად, ქეშ-გეიმებზე შესატანი თანხა
  • მოგზაურობასთან დაკავშირებული ხარჯები
  • სასტუმროსა და საცხოვრებელი ადგილის ხარჯები
  • საკვები
  • მიმტანებისთვის, დილერებისთვის, მოსამსახურეებისთვის გადასახდელი წვრილი ფული
  • ფული სანაძლეოებისთვის (პროფ-ბეთები), ტოტალიზატორებსა და კაზინოს სხვა თამაშებში დახარჯული თანხები
  • გაუთვალისწინებელი ხარჯები 

 ვთქვათ, ეს მოთამაშე $500 დოლარიან ტურნირებს თამაშობს, კვირაში ოთხჯერ. გამოდის, რომ ყოველ კვირას, ის, $2.000 დოლარს ხარჯავს, მხოლოდ ბაი-ინების სახით. დავუშვათ, რომ ერთი წლის განმავლობაში, ის, 40 კვირა უთმობს თამაშს, რაც სატურნირო ხარჯებს $80.000 დოლარამდე ზრდის. როგორც ზემოთ ვივარაუდეთ, ასეთი მოთამაშე ტურნირების 20%-ში ახერხებს საპრიზო ადგილზე გასვლას. გამოდის, რომ 160 ტურნირიდან, 32 შემთხვევაში, ის, ფულში ხვდება. ისევ დავუშვათ, რომ მისი საშუალო მოგება ყოველ ტურნირზე $1.000 დოლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, საპრიზო თანხა ხან დიდი იქნება, ხან ბევრად პატარა, ხან საერთოდაც უფულოდ დარჩება, მაგრამ საშუალოდ მაინც $1.000 დოლარი დავტოვოთ. ჩვენი ზედაპირული ვარაუდებით, მივედით შემდეგ რიცხვებამდე: $80.000 დოლარის ინვესტირების შემთხვევაში, წელიწადში, ის $32.000 დოლარს ღებულობს. მართალია, აქ მოყვანილი სტატისტიკა საკმაოდ ზედაპირული და შეიძლება ითქვას, არასერიოზულიც კია, მაგრამ აშკარად შეგვიქმნის წარმოდგენას, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ტურნირების რეგულარისთვის თუნდაც მე-3 ადგილზე გასვლა. თუ ამ 160 ტურნირიდან, რეგულარი, ერთხელ $75.000 დოლარს მოიგებს, დანარჩენ შემთხვევებში კი - დაახლოებით $1.000 დოლარს, მისი შემოსავალი $106 დოლარამდე გაიზრდება, რაც $26.000 დოლარის სუფთა პროფიტს მისცემს. $26.000 დოლარი, ერთი შეხედვით, არაა ურიგო თანხა, მაგრამ ყოლვეგვარი ხარჯების გათვალისწინებით, საკუთარი ბიუჯეტის მკაცრი კონტროლი მოგვიწევს. 

სწორედ ამ მიზეზების გამო, პროფესიონალი მოთამაშეების უმეტესობა, ადგილობრივ ლოკაციაზეა ორიენტირებული. ამერიკელ მოთამაშეს ბევრად ურჩევნია WSOP-ის ივენთებზე ითამაშოს, ვიდრე მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროს და სხვადასხვა ტურნირებში სცადოს ბედი. იგივე ეხებათ ევროპელ გემბლერებს, რომლებიც ამერიკულ ტურნირებზე საკმაოდ მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილნი. 

პოკერის პროფესიონალ მოთამაშეს, გარდა უშუალოდ თამაშისა, შესაძლოა ჰქონდეს შემოსავლის სხვა წყაროები. პოკერის ბუმის შემდეგ, როდესაც ინტერნეტმა განვითარება დაიწყო და თამაშიც სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობდა, პროფესიონალი მოთამაშეების უმეტესობა სხვადასხვა პოკერ-რუმებისგან სპონსორდებოდა. Black Friday-ის შემდეგ, როცა შეერთებულ შტატებში ონლაინ პოკერი აიკრძალა, სპონსორების რაოდენობამაც იკლო, რაც პირდაპირ დაეტყოთ მოთამაშეებს. ზოგი მათგანი სრულად გაკოტრდა და მათი სახელი აღარავის გაუგია. გაჩდნენ ახალი მოთამაშეები, რომლებმაც ვეტერანი ჰაი-სტეიკს გრაინდერები ჩაანაცვლეს. შემდეგ ის ახლებიც მოძველდნენ და შედეგად მივიღეთ დღევანდელი სიტუაცია: რამდენიმე ცნობილი პროფესიონალი, რომელთაც დიდი სპონსორები ჰყავთ და ახალი თაობის ვუნდერკინდები, რომელთა სახელებიც ყოველწლიურად იცვლება. 

ძალიან ბევრ მოთამაშეს, რომელმაც წარსულში დიდი ფული იშოვნა, დღეს სრულიად სხვა სახის ბიზნესი აქვს და პოკერს მხოლოდ ჰობის რაკურსით აღიქვამს. მაგალითად ელი ელეზრა - ადამიანი, რომელმაც ისრაელის ჯარში ლეიტენანტობას მიაღწია, ხოლო შემდეგ სამშობლო დატოვა, ამერიკას ესტუმრა და პოკერით დიდი ფულის აკუმულირება მოახდინა. დღესდღეისობით, ელი ელეზრა ლას ვეგასის სტრიპტიზ კლუბების ნაწილსა და რესტორნების ქსელებს ფლობს. რა თქმა უნდა, ის პოკერშიც აქტიურ მოთამაშედ რჩება, მაგრამ მისი თამაშით მიღებულ შემოსავალზე საუბარი, უბრალოდ არასერიოზული იქნებოდა.

როგორც ძველი ანდაზა ამბობს, პოკერი ადვილი ცხოვრებისკენ მიმავალი რთული გზაა. ფრაზა დღესაც აქტუალურია, მით უმეტეს, რომ ინტერნეტის პირობებში თამაშში მოგება კიდევ უფრო გართულდა. 16 წლის ადამიანს, შესაძლოა, ასიათასობით დარიგება ჰქონდეს ნათამაშები, რასაც დოილ ბრანსონი წლების განმავლობაში ახერხებდა. დამწყებმა მოთამაშემ, შეიძლება, გაცილებით ღრმად იცოდეს პოკერის თეორიული ნაწილი, ვიდრე მაიკ კარომ ან დენ ჰარინგტონმა - ადამიანებმა, რომლებმაც 'პოკერის ბიბლიის' სხვადასხვა ნაწილები შექმნეს. 

რამდენს გამოიმუშავებს პროფესიონალი მოთამაშე? კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი იქნება. ეს დამოკიდებულია მოთამაშის ნიჭზე, უნარზე, ცოდნაზე, შრომისმოყვარეობაზე, კომუნიკაბელურობაზე, საკუთარი თავის უკეთ წარდგენაზე, სპონსორების მოძიებასა და თამაშის გარეთ, რეგულარული შემოსავლის წყაროზე. 

რუმები

ქართული უცხოური