პოკერის ბოტების მომავალი - ინტერვიუ მსოფლიოში საუკეთესო მანქანის შემქმნელთან, ნოამ ბრაუნთან

რამდენიმე კვირის წინ, 'ჯეოპოკერის' მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მსოფლიოში ამ პერიოდისთვის საუკეთესო პოკერის ბოტს, Baby Tartanian8-ს (BT8), რომელმაც კომპიუტერული პროგრამებისთვის შექმნილ ულიმიტო ჰოლდემის ტურნირში გამარჯვება მოიპოვა. 

ბოტის შემქმნელს, ნოამ ბრაუნს, ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე, მის ონლაინ პოკერში რეალურ ჩართულობასა და ზოგადად პოკერის მომავალზე, PokerNews ელაპარაკა. პროგნოზები არცისე დამაიმედებელია. როგორც ბრაუნმა თქვა, კომპიუტერული პროგრამების პოკერის ჩემპიონატი 2006 წლიდან იმართება, ხოლო ულიმიტო ჰოლდემის ტურნირი 2008 წლის შემდეგ ჩართეს. ადვილი წარმოსადგენია, თუ რამხელა პროგრესი გამოიარეს მანქანებმა ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში. 

"როგორც მახსოვს, ულიმიტო ჰოლდემზე მუშაობა 2008-2009 წლებში დავიწყეთ. მაშინდელი ბოტები მარტივ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ, როგორიც იყო ქოლი, ფოლდი, პოტ-საიზ რეიზები და ოლინები. ჩვენ ხშირად ვიყენებთ ტერმინს 'კარტის აბსტრაქცია', რაც სავარაუდო ხელების დაჯგუფებას ნიშნავს. ეს დაახლოებით ჰენდ-რეინჯს გულისხმობს, ხელების იმ ერთობლიობას, რომლის მიმართაც დაახლოებით ერთნაირი რეაქცია უნდა გქონდეს. იმ პერიოდისთვის, რივერზე არსებული მოწინააღმდეგის სავარაუდო ხელების რაოდენობა 500-მდე თუ ადიოდა. ამ დროისთვის კი, ჩვენ მილიონი ასეთი კომბინაცია გვაქვს. ეს ცხადყოფს თუ რამდენად განვითარდნენ პოკერის მანქანები ბოლო წლებში."

"ჩვენ მიერ აწყობილ ბოტზე მუშაობა კარნეგი მელონის უნივერსიტეტში, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კომპიუტერზე მიმდინარეობდა. როგორც ირკვევა, ბოტის შექმნა არცისე დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მართალია ტურნირზე ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ პირველ და მეორე ადგილზე გასული ბოტების ავტორებს, მათი პირმშოების შექმნისთვის უნივერსიტეტები, ლაბორატორიები და ზეშესაძლებლობების კომპიუტერები არ გამოუყენებიათ. ერთი მათგანის ავტორი პოკერის პროფესიონალი მოთამაშეა, პროფესიით კიბერ ინჟინერი; მეორე კი პოკერის უბრალო მოყვარული, რომელიც რამდენიმე წელი Google-ში მუშაობდა. ესაა და ეს! მათ, მანქანების შექმნა, $10.000 დოლარზე იაფი დაუჯდათ."

როგორც ნოამ ბრაუნი ამბობს, ულიმიტო ჰოლდემის ამოხსნას, უახლოესი საუკუნის განმავლობაში ვერ მოვახერხებთ: "ლიმიტირებული და ულიმიტო ჰოლდემი აბსოლუტურად განსხვავებული თამაშებია. ლიმიტირებულ ჰოლდემში სამი არჩევანი გაქვს: ქოლი,ფოლდი, ან ბეთი. ულიმიტო ჰოლდემში კი ყოველი ბეთის კონკრეტული ოდენობა ცალკე არჩევანს აჩენს. ულიმიტო ჰოლდემის ამოხსნას, ლიმიტირებულ ჰოლდემთან შედარებით, დაახლოებით რამდენიმე ტრილიონჯერ მეტი ინფორმაცია სჭირდება. გამორიცხულია, რომ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ულიმიტო ჰოლდემს რაიმე გასაღები მოვუძებნოთ. ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ შეიქმნას ისეთი მანქანები, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს დაამარცხებენ. მაგრამ მოთამაშეების დამარცხებასა და თამაშის ამოწურვას შორის, დიდი განსხვავებაა."

ნოამ ბრაუნის აზრით, ადამიანები, ბოტებთან მიმართებაში, უმთავრეს შეცდომას მაშინ უშვებენ, როცა ფიქრობენ, რომ ბოტებს მხოლოდ ქოლი შეუძლიათ: "გასაკვირი არც არის, რომ პოკერის ბოტს ქოლისა და სწორი შეტევის გარდა, ბლეფის გაკეთებაც შეუძლია. განსხვავება, ჩვენ ბლეფსა და მათ ბლეფს შორის ისაა, რომ ჩვენ ბლეფს შესაშინებელ ინსტრუმენტად აღვიქვამთ, ბოტი კი ამას ნაკლებად ძლიერი ხელით მეტი ფულის მოგების შესაძლებლობად ხედავს."

პოკერის ბოტებს თავიანთი სისუსტეებიც გააჩნიათ, მაგალითად, ჰედს-აპ თამაშები, სადაც ისინი ძალიან ცუდ შედეგს აჩვენებენ. კიდევ ერთი სისუსტე, რომელზეც ნოამ ბრაუნმა ისაუბრა, მოწინააღმდეგის სუსტი მხარეების გამოყენებაა: "მოწინააღმდეგის სისუსტის აღმოსაჩენად, ხელოვნურ ინტელექტს, მილიონობით დარიგების თამაში ესაჭიროება. ამ რაოდენობის ხელებში, ბოტმა, შესაძლოა ჯონ ნეშის მიერ აღმოჩენილ ე.წ. 'თამაშის ოპტიმალურ სტრატეგიას' მიაგნოს, სადაც ის დაუმარცხებელი გახდება, მაგრამ ეს მიგნება იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ბოტი ოპონენტის სუსტ მხარეს სრულად გამოიყენებს, მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით. ოპონენტის სისუსტის აღმოჩენა და გამოყენება ადამიანებს გაცილებით უკეთ გამოსდით, ვიდრე მანქანებს."

 

რუმები

ქართული უცხოური